კაცების კრიზისი ანუ არჩევანი არჩევანის გარეშე

Image

გულწრფელად რომ ვთქვა, სანამ ამ პოსტის წერას შევყვებოდი, თავიდან სულ სხვა რამის დაწერა მინდოდა. მინდოდა ერთად შემეკრიბა მამაკაცთა ის ქცევები თუ მანერები, რაც მათში ასე ძალიან მოგვწონს და თავბრუს გვახვევს ქალებს, თუმცა ჯერჯერობით გადავიფიქრე.

რა აზრი აქვს?

სანამ თვითონ ბაზარზე არ იქნება მოთხოვნა მთლიანი პაკეტით სასურველი კაცების – არც შესაბამისი მიწოდება იქნება, რომ მიმწოდებლებს ჩვენივე ჩებმა გავუმარტივო.

დღეს კიდე რა სიტუაციაა ჩემს ირგვლივ? – ვუყურებ მამაკაცთა მოდგმას და გული მწყდება.

გული მწყდება, რომ ჩვენი კაცები თავს არ უვლიან, საერთოდ! თავის მოვლაში მარტო ჰიგიენის დაცვას არ ვგულისხმობ, თუმცა ალბათ არც უმაგისობაა. დასანანია, რომ ჩვენი ბიჭების უმეტესობა არის სრულიად უფორმო. ისეთი, არც თვალს და არც ხელს რომ არ ესიამოვნება, სხეულის სხვა ნაწილებს რომ შევეშვათ.

ძალიან მიკვირს ჩვენ, ქალები, როგორ ვაძლევთ მათ საშუალებას (და არამარტო საშუალებას), რომ ეს უფორმო, უფრო სწორად კი ან ჯოხისებრი, ან მსხლისებრი ფორმის კაცები მაინც რჩებოდნენ ყურადღების ცენტრში. თანაც იმდენად, რომ სულ ფეხებზე ეკიდოთ საკუთარი თავი და გარეგნობა, აქაოდა მაინც нарасхват ვართო.

რა დასანანია, რომ ჩვენი კაცების უმეტესობა არის საკუთარ თავში დაურწმუნებელი (ვინც ტიპობს და ყველაზე მაღალი თვითშეფასებით ჩანს ის ხომ მითუმეტეს) და ინფანტილური (ოღონდ ბავშვურია და საყვარელიაო ამ გაგებით არა), რომლებსაც H1N1-ვით ეზარებათ ან არ უნდათ თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და გაურბიან სირთულეებს.

შეიძლება ეს მიზეზები ისევ იმით არის გამოწვეული რომ ჩვენ, ქალებს, ასეთი უაზრობა გვაქვს ჩანერგილი, როგორც აუცილებელი გათხოვება და პატრონს ჩაბარებაა, რის გარეშეც შენ ითვლები ამ სამყაროს looser-ი და გარშემომყოფთა დასაცინი ობიექტი. ამიტომ რა თავის მოვლა, რა პიროვნული სიღრმე, რა უნარ-ჩვევები, რა ღირებულებათა სისტემა, რა სექსუალური პროფესიონალიზმი – კაცი იყოს, რაღაც ფულს შოულობდეს, ცოლად მომიყვანოს და დანარჩენის დედაც არ ვატირე?!

მარტო საკუთარ გარემოს რომ შევეწუხებინე ასე კიდევ ჰო, მაგრამ ინტერნეტშიც რომ ვეძებე (ფორუმზე ცალკე თემაც კი არის გახსნილი ვითომ სიმპატიურ ქართველ ბიჭებზე), იქაც ასეთივე სავალალო სიტუაცია დამხვდა. ამოგდებული სურათებით თუ ვიმსჯელებ – ჩვენთვის მამაკაცის სიმპატიურობა მხოლოდ მისი სახით განისაზღვრება. და თუ გენეტიკამ ხელი არ შეგიწყოთ – იჯდედაო! ანაც იდი, გულიაი, დავაი, დასვიდააანია! თუმცა დემოგრაფიული სტატისტიკის მიხედვითაც კი, სადაც 1 კაცზე 3,5 ქალი მოდის, იმათაც კი თავზე საყრელი აქვთ არჩევანი!

პირადად არავის ვერჩი, მაგრამ კარგით ხალხნო რა! ესენი არიან ქართველი გოგოების სასურველი მამაკაცები?

 ImageImageImageImage

Girls, seriously, where IS your self esteem???

Posted in Uncategorized | Tagged , , , | 3 Comments

5 სიმართლე ნამდვილ ქართველ ქალებზე

Image

უნივერსალური ჭეშმარიტება – ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს!

ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს, როცა სტუმრობს ნათესავებს – არცერთ ქალს არ უხარია თავისი ნათესავები, არცერთს! მერწმუნეთ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, ისიც მხოლოდ შეზღუდული დროით. მისი მამაკაცის ნათესავებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არაა. ნათესავებში თქვენს უახლოეს ადამიანებსაც ვგულისმობ, ისინი მხოლოდ ბიძაშვილები და მაზლის ცოლები კი არა რიან, ისინი თქვენი დები, ძმები და დედ-მამაა. არ მოგატყუოთ ქალის თბილმა ღიმილმა და მის მიერ ზრდილობიანად დასმულმა კითხვებმა თქვენს შესახებ. სინამდვილეში მას ფეხებზე ჰკიდიხართ. დიახ, დიახ! სულ ცალ წიხლზე აქვს ჩამოკიდებული თქვენი სირთულეები და ყოველდღური რუტინა. ვწუხვართქო, ვიტყოდი, თუ ამაზე პირველად დაფიქრდით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე უბრალოდ ალტერ-ეგო ვარ – სინამდვილეში საერთოდაც არ ვწუხვარ. გაახილეთ თვალები, შეეგუეთ და გაიარეთ.

ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს, როცა წარმოაჩენს თავს სამსახურში – ის არც იმდენად დატვირთულია სამუშაოს სირთულით ან სიმძიმით, რამდენსაც წუწუნებს. არც იმდენი იცის, რამდენსაც ამბობს. არც იმდენად მოწონხართ, რამდენსაც გაგრძნობინებთ. არც ისე ფიქრობს, რასაც გეუბნებათ. არც ისე უნდა, როგორც ხმამაღლა ამბობს. არც ისე განიცდის, როგორც გამოხატავს. არც ისეთი სერიოზული მიზეზი აქვს, როცა დროს აცდენს. არც ისე ზრუნავს, როცა რამეს გიკეთებთ და არც იმდენი ყოფნის, რასაც თქვენ უკეთებთ. ტადააააამ!

ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს, როცა თავმდაბლობს რაიმე მიღწევაზე – როცა აღფრთოვანებით ან უბრალოდ ინტერესით ეკითხებით, თუ როგორ ქნა მან ეს ასე კარგად, ის საოცარი სიმსუბუქითა და უბრალოებით გპასუხობთ, რომ არაფერი ისეთი არ გაუკეთებია. სინამდვილეში რამდენიმე თვეა იტარებს სულისშემძვრელ პროცედურებს, რომ გამოიყურებოდეს მიმზიდველად, რამდენიმე კვირა თავისთვის მეცადინეობს სიმღერებს, რომ კარგად გამოჩნდეს კარაოკეზე, საათობით ათვალიერებს სხვადასხვა ჟურნალებსა და საიტებს, რომ ჩაიცვას რომელიმე სტილზე, უყურებს ათობით სერიალს, რომ გამზადებული ქონდეს პასუხები რომანტიულ დიალოგებში, ამოწმებს უამრავ რეცეპტს, რომ თავისი ვითომ თვალის ზომით გაკეთებული იყოს საუკეთესო, წინასწარ აქვს გათვლილი სხვადასხვა ვარიანტები და აქვს სრულიად ემოციური რეაქციები, რომ შექმნას მისთვის სასურველი სიტუაცია და მიიღოს ის, რაც რაციონალურად უნდა, ეკითხება პროფესიონალებს რჩევებს, რომ მიიწეროს მათი წარმატებული გამოცდილება, კარგად იცის „ეფექტის მოსახდენი“ ინფორმაციები და სრულიად „უბრალოდ“ ჩაილაპარაკებს ხოლმე ვითომ თავისთვის. აჰჰ!

ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს, როცა აქვს სექსი – ის ერთი შეხედვით მომნუსხველად შედის თავისი ქალურობის ექსტაზში და „იცის“ რა ხმები გამოსცეს სექსუალური სიამოვნების მიღებისას. ამ დროს კი ხან იმას იხსენებს ხვალ რომელ საათზეა სალონში ჩაწერილი, ხან იქვე ჩაძინებული ბავშვის სუნთქვას აკონტროლებს და ხანაც წარმოიდგენს თავს სხვა მამაკაცთან. უკეთეს შემთხვევებში განიცდის შემთხვევით ორგაზმს, როცა იხსენებს სხვა კაცის უნებლიე თუ მიზანმიმართული შეხებებისგან გამოწვეულ ეიფორიას, რომელსაც თავის მოძღვარსაც კი არ უმხელს რათა კდემა შეინარჩუნოს. უარეს შემთხვევებში კი თიშავს გონებას, რომ არ დაითვალოს რიტმული კომბაინივით ჩაწიკწიკებული ყოველი შეწევა-გამოწევა, რომლის გამოც მერე გინეკოლოგთან დაიწყებს ეროზიის მკურნალობას.  არის კიდე „სხვა“ შემთხვევებიც, გარე-გარე, მალულ-მალულ, ვითომ-ვითომ, ფარულ-ფარულ… ტრა-ლა-ლაა…

ნამდვილი ქალი თვალთმაქცობს, როცა გულახდილობს დაქალებთან – თქვენ გეგონათ გულახდილობა ნამდვილი ქალისთვის მართლა გულახდილობას ნიშნავს? ფფხხხ-ხხ-ხხ-უკ… თავისმა დაქალებმაც კი არ იციან არასდროს, თუ რაზე რას ფიქრობს და რას გრძნობს ნამდვილი ქალი. არის შემთხვევები, როცა რაღაც ნაწილი იცის ერთმა, რაღაც ნაწილი მეორემ და უდიდესი ნაწილი კიდე მხოლოდ არავინ. მაშინაც კი, როცა რაიმეს გაზიარება უნდა დაქალებთან – თითქოს საოცარი, ცითმოვლენილი და უხილავი ძალა აიძულებს ხოლმე, რომ სხვების ამბების განხილვაზე გადავიდეს, გაკიცხოს ან შეაქოს, შეშურდეს, მოუწოდოს და ა.შ. თუ მოხდა სასწაული და მის გარშემო არსებული ნამდვილი ქალებიც შესაბამისად იქცევიან, რის გამოც იძულებულია საკუთარ თავზეც ილაპარაკოს – ის არასდროს ამბობს რაიმე უკმაყოფილების ნამდვილს მიზეზს, ეს წუწუნი როგორც წესი სრულიად სხვა, „სათუთი“ მიზეზებით არის ხოლმე შეფუთული, საუცხოოდ, როგორც ნამდვილ ქალს შეეფერება.

თუ ვერ ამოიცანით თავი ამ ჩამონათვალში – რა გიხარიათ? თქვენ არ ხართ ნამდვილი ქალი!

და თუ მამაკაცი ბრძანდებით და ვერ ამოიცანით ამ ჩამონათვალში თქვენი საყვარელი ქალი – ჰმმმმ…. გააგრძელეთ ილუზიებში ყოფნა, დამიჯერეთ, ნამდვილი ქალი გიპოვნიათ!

Posted in Uncategorized | Tagged , , , , | Leave a comment

ჩემი მელანქოლია

ეს სიმღერა მახსენებს ადამიანს, რომელიც მეკრძალება.

Video | Posted on by | Leave a comment

ცისფერი ორშაბათი

დღეს თურმე ცისფერი ორშაბათი ყოფილა, წლის ყველაზე looser-ი დღე.

Cliff Arnall-ის ამ დღის გამოთვლის ფორმულას რომ გავყვეთ, კერძოდ კი ამინდს (W), შობის შემდგომ გავლილ დროს, (T) დაგროვილ ვალებს (D), დაცემულ მოტივაციას (M), ტრაკის განძრევის საჭიროების განცდას (Na) და ახალ წელს მიღებული გადაწყვეტილებების ჩაფლავებიდან გავლილ დროს (Q) – ცისფერს კი არა შავ ორშაბათს მივიღებთ. როგორი სიტუაციაა ამ ფორმულის მიხედვით:

  • ამინდს არაუშავს +
  • დაგროვილი ვალები ვედრო მანეთად -
  • შობიდან ჩემთვის ემოციურად უკვე იმდენი დრო გავიდა, რომ რა შობა რის შობა -
  • მოტივაცია არათუ უბრალოდ დაცემული, არამედ სრულიად ზნედაცემული მაქვს - 
  • იმის განცდა, რომ რამე უნდა ვიღონო ციკლის პერიოდივითაა, თვეში ერთხელ -
  • ახალ წელს დაგეგმილი მთავარი საკითხი, დამეზოგა ფული საფულეში და არ დამეზოგა ცხიმები ორგანიზმში, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა - 

ასე რომ გამოდის სრული FAIL დღე ყოფილა მართლა, რომ დავუკვირდე, თანაც ორშაბათი. ჩემს შიგნით მბჟუტავი ოპტიმისტი გაყვირის თავისთვის, კიდევ კარგი გახეული ბოტასით თოვლჭყაპში არ ხარ გასასვლელიო, მაგრამ მისი ხმა მივაჩაქუჩე ეგრევე და ისევ ამ დღის ვაებას დავუბრუნდი. ეს ალბათ მხოლოდ ერთი დღე კი არა, რაღაც განუსაზღვრელი პერიოდი უნდა იყოს 20 იანვრიდან თებერვლის დასაწყისამდე. 

რაში უნდა გამოგვადგეს ასეთი დღის არსებობა? ალბათ მხოლოდ იმაში, რომ დამატებითი ფასდაკლება გამოვიმათხოვროთ მაღაზიებში სპეციალურად გაჭირვებულთათვის და კიდევ ერთი დღე გვქონდეს დროის გატარების მიზეზად. 

 

Link | Posted on by | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

ინტრო-ვერსია: როგორ გავძლოთ ექსტრავერტების სამყაროში

-         გამარჯობა, მე მქვია ალტერ-ეგო და მე ინტროვერტი ვარ! – მე.

-         გამარჯობა ალტერ-ეგო! – ყველა დანარჩენი.

Image

აი თითქმის ასეთი განცდა მაქვს ყოველთვის, როდესაც ვფიქრობ იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ინტროვერტი თანამედროვე სამყაროში. თითქოს ქარხნული წუნი გაქვს და გჭირს ისეთი რამ, რაც უნდა გამოასწორო ცხოვრების მანძილზე.

რათქმაუნდა მარტო მე არ ვფიქრობ ამაზე. ადამიანის ტემპერამენტისა და ტიპოლოგიის მიმართ ინტერესი იმაზე შორს მიდის, ვიდრე ბაბუაჩემის სოფლის ეზოში მდგომი 300 წლიანი მუხის ფესვები. რაც კი ადამიანი გაჩნდა თავისი თავის უზენაესობის შეგრძნებით – იმ მომენტიდან მთელი სამყარო ცდილობს დაალაგოს  კატეგორიებში ამ არსების ფსიქიკური ასპექტები, მაგრამ ინტროვერსია-ექსტრავერსიის თემის განსაკუთრებული პოპულარობა მაინც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება.

იყო ერთი გულჩათხრობილი ევროპელი ბიჭი, რომელსაც საკუთარი შინაგანი სამყაროს გარდა საკმაო რაოდენობით შერეკილი ახლობლები ყავდა ირგვლივ იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქოლოგიით დაინტერესებულიყო. კარლო ერქვა (ჩვენებურად), გვარად იუნგი იყო. თვითონვე წარმოადგენდა ტიპიურ „ინტროვერტს“, რომლელთა შესახებაც მის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ნაშრომში  წერდა, რომ ისინი უპირველეს ყოვლისა ორიენტირებულნი არიან მათ ფიქრებსა და შინაგან განცდებზე, როდესაც ექსტრავერტები – გარშემო მყოფ ხალხსა და არსებულ საგნებზე. ინტროვერტები იაზრებენ მომხდარ მოვლენებს, ხოლო ექსტრავერტები ცდილობენ ეგრევე ჩაერთონ პროცესში. ძალების აღდგენისთვის ინტროვერტებს ესაჭიროებათ განმარტოება ცოტა ხნით, ექსტრავერტებს კი მაშინ ესაჭიროებათ ძალების აღდგენა, თუ დააკლდათ ურთიერთობები საზოგადოებაში. თუმცა არ არსებობს ცალსახად ინტროვერტი ან ექტრავერტი, ადამიანი ამ 2 მახასიათებლის რთული სისტემაა, სადაც რომელიღაც ერთი ტიპი ცოტა უფრო მეტადაა გამოხატული.

დღეს რამდენი პიროვნების მკვლევარიც მოიპოვება, თითქმის იმდენივე ინტროვერსია-ქსტრავერსიის განმარტება არსებობს. მიუხედავად ამისა, არის რაღაცეები, რასაც უმეტესობა მათგანი იზიარებს და ეთანხმება:

  • ეს ორი ტიპი მკვეთრად განსხვავდება გარემოს მიერ მათზე ზემოქმედების კომფორტის თვალსაზრისით. ინტროვერტი განმარტოებით მოწრუპავდა ღვინოს მისთვის ახლობელ ადამიანთან ერთად, წაიკიტხავდა წიგნს ან კროსვროდებს ჩაუჯდებოდა სიამოვნებით. ექსტრავერტს კი ყოველთვის უხარია გარემოსთან ურთიერთობა, ახალი ადამიანების გაცნობა, ხეტიალი აღმა-დაღმა და მუსიკაზე ხტომა. ერთერთი ფსიქოლოგის აზრით ეს ხდება იმიტომ, რომ სხვა ადამიანები ინტროვერტებზე ამაღელვებლად ზემოქმედებენ, მათთან ურთიერთობა იწვევს ემოციურ არასტაბილურობას, საფრთხის, შეყვარებულობის და სხვა გრძნობებს, რაც უფრო მეტად მოქმედებს გამღიზიანებლად, ვიდრე ათი წიგნი ერთად აღებული.
  • მეცნიერები თანხმდებიან იმაზეც, რომ ამ ტიპებს მუშაობის სხვადასხვა სტილი აქვთ. ექსტრავერტები უმალვე ერთვებიან დავალების შესრულებაში. მათ ახასიათებთ გადაწყვეტილების რისკიანი/სწრაფი მიღება და თავს კომფორტულად გრძნობენ მრავალრიცხოვან ამოცანებს შორის ყურადღების გადანაწილებისას. ექტრავერტები სიამოვნებას იღებენ შეჯიბრის აზარტისგან, რომელიც წარმატებით გვირგვინდება სტატუსის და/ან ფულის სახით. ინტრავერტები უფრო ნელა მუშაობენ, სამაგიეროდ უფრო ძირფესვიანადაც. მათ ურჩევნიათ ერთ დავალებას მოკიდონ ხელი და გააჩნიათ კონცენტრაციის არაჩვეულებრივი უნარი. ისინი, როგორც წესი, უფრო ნაკლებად ექცევიან ხოტბა-დიდებისა და სიმდიდრის ჰიპნოზის ქვეშ.
  • პიროვნების ტიპი განსაზღვრავს სოციალური ურთიერთზემოქმედების სტილსაც. ექსტრავერტებს შემოაქვთ აჟიოტაჟი სუფრაზე და ადვილად ყვებიან ხუმრობებს. ისინი არიან თავდაჯერებულნი, დომინანტურები და საჭიროებენ აუდიტორიას. მათ ახასიათებთ ხმამაღლა და გზადაგზა ფიქრი, ურჩევნიათ ილაპარაკონ, ვიდრე უსმინონ, იშვიათად ელევათ სიტყვათა მარაგი, ხშირად ისვრიან სხვადასხვა რეპლიკებს, მარტივად აგვარებენ კონფლიქტებს მაგრამ ვერ უმკლავდებიან მარტოობას. ამის საპირისპიროდ, ინტროვერტები, მიუხედავად იმისა, რომ ფლობენ საზოგადოებაში ურთიერთობის საკმარის უნარ-ჩვევებს, რაღაც დროისა და ურთიერთობის ინტენსიობის მერე გრძნობენ დაღლას და ზოგჯერ ნანობენ, რომ სახლში არ დარჩნენ. მათ ურჩევნიათ თავისი სოციალური ენერგია დაახარჯონ მათ ახლობლებსა და კოლეგებს. უფრო მეტად უსმენენ სხვებს, წინასწარ ფიქრობენ, სანამ რაიმეს იტყვიან და ხშირად წერილობითი ფორმით უფრო კარგად გამოხატავენ თავის სათქმელს, ვიდრე ზეპირსიტყვიერად. თავიდან ირიდებენ კონფლიქტებს, უმეტესად არ უყვართ არაფრის მომტანი საუბარი უაზრობებზე, მაგრამ დიდ სიამოვნებას იღებენ ამაღელვებელი თემების სიღრმისეული განხილვისგან.

ინტროვერსია-ექსტრავერსია დღესაც კვლევის აქტიური საგანია. თუმცა სოციუმის მიერ მიღებულად და წახალისებულად პიროვნული თვისებების მხოლოდ ძალიან მწირი ჩამონათვალი ითვლება. ბავშვობიდან მესმის, რომ ბედნიერად და წარმატებულად ყოფნა ნიშნავს სიმამაცეს/სილაღეს, რაც აუცილებლად მოიაზრებს იმას, რომ ადვილად გამოგდის ურთიერთობა ყველასთან. ჩვენს საკუთარ თავს აღვიქვავთ ექსტრავერტების მოდგმად და იმას არც ვუფიქრდებით ვინ ვართ სინამდვილეში.

მოიუხედავად იმისა, რომ აშშ ითვლება ერთერთ ყველაზე მეტად გამოხატულ ექტრავერტულ ნაციად, ზუსტად იქაურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 1/3-დან ½-მდე ინტროვერტია.

ამოცანა გვეკითხება: რაშია საქმე?

საქმე იმაშია, რომ უმეტესობა სიმულიანტობს და თავს აჩვენებს ექსტრავერტად. ჩვენი გარემო ე.წ. „იდეალური ექსტრავერტის“ ღირებულებათა სისტემასაა მორგებული, რაც მოიაზრებს იმას, რომ „იდეალური მე“ უნდა იყოს კომუნიკაბელური, დომინირებადი და ყურადღების ცენტრში ყოფნისას საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული. „მე“ უნდა ვმოქმედებდე სწრაფად და თავდაჯერებულად, კარგად ვმუშაობდე გუნდურად და არ მქონდეს სოციალიზაციის პრობლემა.

ჩვენ ვითომ მოგვწონს ინდივიდუალიზმი და წარამარა ვაკვეხებთ ამ სიტყვას შეფასებებში, თუმცა სინამდვილეში აღფრთოვანებას იწვევს ისეთი ტიპი, რომელიც შეჩვეულია სირთულეების დაძლევას და წელებზე ფეხს იდგავს დასახული მიზნების მისაღწევად. რათქმაუნდა, ზოგიერთი ჩვენთაგანი ლმობიერადაა განწყობილი ისეთი „სტრანნი“ ტიპების მიმართ, ვინც თავისთვის უცნაურად ხატავენ ან სხვენში ატარებენ ძირითად დროს, მაგრამ ეს ლმობიერება მაინც უფრო იმათზე ვრცელდება, ვინც საბოლოო ჯამში ან ამით გაითქვა სახელი და გამდიდრდა, ან წინ ამ 2 ფაქტორის დიდი პერსპექტივა აქვს, ლოჯის მოშენების არ იყოს.

ინტროვერტის დამახასიათებელი მგრძნობიარობა, სიდინჯე და სიმორცხვე დღეს მეორეხარისხოვან თვისებებად ითვლება, თუ უფრო უარესადაც არა. ექსტრავერსია იქცა ერთადერთ სტანდარტად, რომელსაც რატომღაც ყველა უნდა შეესატყვისებოდეს. ამის დამადასტურებელია ბევრი ისეთი კვლევა, რის შედეგადაც თავისუფლად მოლაპარაკე ადამიანები თვლებიან უფრო ჭკვიანებად, ლამაზებად, სამეგობროდ საისამოვნო და საინტერესო ტიპებად. ამასთან მეტყველების ტემპიც ახდებს ზეგავლენას და ხმის ტემბრის სიმაღლეც: სწრაფად მოსაუბრე ტიპები მეტად კომპეტენტურად და მიმზიდველად აღიქმებიან, ვიდრე ისინი, ვინც ნელა საუბრობს (ეს ყველაფერი მაინც ზომიერების შესაბამისად ფასდება, ზომიერად სწრაფად, ზომიერად ხმამაღლა).

ცოტა გეგულებათ ირგვლივ ისეთი მშობლები, ვინც ბოდიშს იხდის მათი შვილის სიმორცხვის გამო? ან მერე სახლში რომ უჩიჩინებენ საწყალ ბავშვს, რომ იყოს გიორგაძეების დათოსნაირად ყოჩაღი. ეს ინტროვერტი ბავშვი კი სკოლის ასაკიდანვე იძულებულია ექსტრავერტულ გარემოში გადაირჩინოს თავი. საკლასო ოთახებისა და მაგიდების მოწყობა, ჯგუფური მუშაობები, გაკვეთილების მოყოლა აუდიტორიის წინაშე – ყველა ისეთი მეთოდი, რომელიც მისთვის უცხოა. უყურებს ისეთ გადაცემებს, რომელთა გმირებიც არ გვანან მას. ეს ყველა ცნობადი სახე თუ ვარსკვლავი – რაღაცით მაინც არის წარმატებული და მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის. შემდეგ იზრდება და მუშაობას იწყებს ისეთ ოფისში, სადაც ყველა ერთ ღია სივრცეშია მოთავსებული, სადაც მუდმივად უნდა იკონტაქტოს უმეტესობა თანამშრომელთან და მენეჯმენტისგან მხოლოდ მაღალი მიღწევის მოთხოვნილების მქონდე ტიპები არიან დაფასებულნი.

ფაქტია, რომ ინტოვერტი განწირულია წარუმატებლობაზე, თუ ექსტრავერტული ქცევები არ გამოავლინა. ვერ იქნები წარმატებული მეცნიერი, თუ ვერ მოიპოვე გრანტი სათანადო ძალისხმევით. ვერ იქნები კარგი მხატვარი, თუ არ შეძელი გაიტანო შენი ნამუშევრები საზღვარგარეთ. ვერ იქნები კარგი მსახიობი, თუ ვერ შეძელი შენი თავი და პროექტები კარგად გაყიდო და ამით იშოვო ფული.

მე რათქმაუნდა ინტროვერტი ვარ, თორემ სხვა შემთხვევაში ვიქნებოდი მოხსენიებული დოდკასნაირ „ბლოგების დედად“ და მეყოლებოდა ათასობით მიმდევარი დღეში გარანტირებულ მკითხველთა სიხშირითა და გაზიარების მსურველებით.

თუმცა იცით რა? ჩვენ იმაში ვუშვებთ შეცდომას, რომ მხოლოდ ერთ სტანდარტს ვიღებთ იდეალად. როგორ გავძლოთ ამ სამყაროში? დავაფასოთ ჩვენი თავი სათანადოდ და კარგად გავაცნობიეროთ ჩვენი უამრავი სიძლიერე, რომელთა შორისაც ვახსენებ მხოლოდ რამოდენიმეს:

  • ჩვენ უკეთ ვინარჩუნებთ ბალანსს, რადგან ნაკლებად ვართ დამოკიდებულნი გარშემომყოფების რეაქციაზე!
  • ჩვენს გაცილებით მეტი სიღრმით განვიცდით გრძნობებს და ეს ფანტასტიურია!
  • ჩვენ უფრო ადვილად ვიტანთ უძილობას!
  • ჩვენ ყოველთვის გვაქვს ალტერნატიული ვარიანტები!
  • ჩვენ ვსწავლობთ შეცდომებზე!
  • ჩვენ მშვენივრად გვაქვს ჩვენი ფიქრები კოორდინირებული!
  • ჩვენ გაცილებით მეტი ვიცით სხვებზე, ვიდრე მათ იციან ჩვენს შესახებ!
  • ჩვენ ჩვენი სიმშვიდით შეგვაქვს ჰარმონია!

და ბოლოს, ინტროვერტების გარეშე სამყაროს არ ექნებოდა:

-         ისააკ ნიუტონის გრავიტაციის თეორია

-         შოპენის ნოქტიურნები

-         ორუელის 1984

-         ეინშტეინის ფარდობითობის თეორია

-         სპილბერგის შინდლერის სია

-         და რათქმაუნდა ყველაზე მთავარი – ბრინისა და პეიჯის !!!

მე ინტროვერტი ვარ და ვამაყობ ამით!

Image

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 2 Comments

პირველი 13 ფიქრი

1. ეხლა ბიძინას უნდა შევყუროთ ხოლმე ახალი წლის დადგომისას? OMG!

2. აუ მიშამ საერთოდ გაუბერა! რეებს ლაპარაკობს, ფაქტიურად დედა გე…ნებათ და ვერ გაგიგიათო, ასე ოპტიმისტურად განგვაწყობს პირველ წუთებში.

3. რა ბედნიერებაა, რომ საცივი არ დევს სუფრაზე. ჩვენი კულტურის დამახასიათებელი უკიდურესობების გადამკიდე, რათქმაუნდა ვეღარ ვიტან საცივს.

4. მშვენიერი თავის გასამართლებელი არგუმენტია, რომ ქსელებია გადატვირთული 11:45-დან 00:45-მდე. მერე ყველას შეგიძლია უთხრა, რომ როგორ გინდოდა დარეკვა და ვერ უკავშირდებოდი. თუმცა უკვე იმდენად გავიზარდე, რომ აღარც არავის ვეუბნები ასე. მე რომ მეუბნებიან მხოლოდ იმაზე მეღიმება.

5. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე ახალი წლის პირველ ღამეს – სექსი შენს პარტნიორთან. მაგრამ აქაც დინების საწინააღმდეგო წიაღსვლები მიტევს. ესეც ხომ ბანალურია, შევაჭახუნეთ ჭიქები, ტუჩები და მოდი ბარემ სხვა რაღაცეებიც! მაგრამ ბანალური არ ვიყოთქო და სიამოვნება მოვიკლო – ალბათ ყველაზე იდიოტური ფიქრი იქნება.

6. უკვე ბოლო რამდენიმე წელია ვიზიარებ იმ აზრს, რომ ახალი წელი არის საბავშვო ბაღი. უკვე არც ემოცია მაქვს და აღარც ენერგია. არაფერი არ ხდება სინამდვილეში. ეს ყველაფერი იმას მაგონებს, კომპიუტერის რესტარტი რომ აღნიშნო ხოლმე ადამიანმა შამპანიურის ჭიქით. ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ციკლი, ხოდა არის ეს 1 იანვარი. რა აჟიოტაჟის ასატეხია ეხლა ეს?

7. აუ ნაძვის ხეს რა დაშლის. მართალია მე არ ამიწყვია, მაგრამ დაშლა მაინც ვერ ამცდება.

8. უნდა ვმობილიზდე და ჩამოვაყალიბო მიზნები ამ წლისთვის, მერე ავწიო ტრაკი და მოვიმოქმედო რამე ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

9. ნეტა იმათ თავში ჩამახედა ამ ბომბებს და ფეიერვერკებს რომ ისვრიან ხოლმე უდგილოდ. რატო, რატო უნდა დაიწყო სროლა 9 საათზე? ან 3-ის ნახევარზე? ხო არის ეს 12 საათი, ამის დედა ვატირე, დაელოდე რა!

10. ამ დღეების განმავლოაში საჭმელზე ფიქრი არ მომიწევს, რა კარგია! მარაგი არის მინიმუმ 3 დღის. ამასობაში შობა წამოგვეწევა და ეგაა!

11. წავიდე კლუბში, არ წავიდე კლუბში….

12. ეს წყლის დაწყვეტა რაღა იყო!

13. დროა გამოვისწორო განწყობა პოზიტიურისკენ!

Posted in სურვილები | Tagged , , , , | 2 Comments

ჭირისუფლები in action

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჩემი ერთი ნაცნობი და რაღათქმაუნდა ატყდა მთელი ამბავი. ახალგაზრდა ბიჭი იყო და “ნაადრევი” იყო მისი სიკვდილი.

იმ მომენტიდან, როცა ეს ფაქტი გავიგე, ამ წუთამდე – ჩვენი ჭირისუფლობის ინსტიტუტის წარმატებით კურსდამთავრებულთა შემყურე, დავაგროვე რიგი გულისამრევი მომენტებისა:

1. ახლობლებისთვის გარდაცვალების ფაქტის დამალვა ერთგვარი „მოფრთხილების“ გამო.

Image

რით ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ როცა მშვიდად მიდიხარ სახლში და ერთერთ შენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს უცებ მზამზარეულ კუბოში აღმოაჩენ – შოკი ათმაგდება! ეს არის მოფრთხილება?!  თან ხვდები, რომ ყველამ იცოდა შენს გარდა! არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ზოგადად სიკვდილის წინ უსუსურობის განცდას ის ფაქტიც ერთვის თან, რომ ყველა დანარჩენიც ასევე უსუსურად აღგიქვავს?! და ვინ გამოდიხარ შენ? – ადამიანების და სამყაროს კანონზომიერების წინაშე ყველაზე უსუსურის წოდების მფლობელი, გილოცავთ!!! რაღა დაგრჩენია, უნდა გაამართლო ყველას იმედები! სასწრაფოდ უნდა ჩავარდე ისტერიკაში, წარიკვეთო ყველანაირი სასო, დააკმაყოფილო ამ ფაქტის შემსწრეთა ადრენალინის მოთხოვნილებისა და ნანატრი სულისშემძვრელი მომენტების დასწრების სურვილი და მისცე დანარჩენებს იმის საშუალება, რომ დააფასონ თავი (თუნდაც მხოლოდ რამდენჯერმე მათ ცხოვრებაში) იმით, რომ იზრუნონ ყველაზე უსუსურ ადამიანზე მსოფლიოში, დაფაცურდნენ, სასწრაფოდ მოასულიერონ, ისლუკუნონ და დადგან დრამა. საოცარი მოფრთხილებაა, ვერაფერს იტყვი!

2. გარდაცვლილის აყვანა თავად „სრულყოფილების“ მიღმა.

Image

ვისაც ბავშვობაში ყოლია მკაცრი მშობლები და შესაბამისად ბევრი უფიქრია, თუ როდის შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და სხვების მხრიდან მის უპირობო აღიარებას – პასუხი ნაპოვნია, მეგობრებო! თქვენ უნდა მოკვდეთ! მხოლოდ სიკვდილის მერე თქვენ ხდებით ყველა იმ დადებითი თვისების მატარებელი, რაც კი ოდესმე გქონიათ გაკვრით ან საერთოდაც არ გახასიათებდათ. თუ რამე კარგი გაგიკეთებიათ, მხოლოდ სიკვდილის მერე ასმაგდება. კაციშვილი აღარ ახსენებს თუ რაოდენ უპასუხისმგებლოდ იქცეოდით ან რამდენჯერ ატკინეთ გული სხვებს. თქვენ ხდებით კაცობრიობის ეტალონის ტიტულის უკონკურენტო მფლობელი! და ეხლაც კი, კუბოში მდებარე, ისეთი სათნო ხართ, რომ თითქოს იღიმით!!!

3. გარდაცვლილის ახლობლებისა და მეგობრების „კოლექტიურად ცნობიერი“ გოდება.

უკიდეგანოა ჩვენს მოთქმა-გოდებაში კრეატიული მიდგომების ნუსხა. მას მერე, რაც გავიგე მიცვალებულის მოძრავი სურათის ამბავი, რომელიც რაღაც მოწყობილობაზე იყო დამაგრებული და „ეგებებოდა“ მის პანაშვიდზე მომსვლელთ, მეგონა, რომ სპეციალურად „ტირილის“ უბადლო სპეციალისტის მოწვევა იყო ზღვარი, მაგრამ თურმე არც ისეთი შორსმჭვრეტელი აღმოვჩნდი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოთქმა-გოდებაც და-upgrade-და. ეხლა უკვე მოდაშია facebook გლოვა. თუ ისე მოხდა, რომ გარდაცვლილთან რამდენიმე მეგობარი გაკავშირებდა, ხო საერთოდ დაღუპულხარ! აჭრელებულია მთელი გვერდი! გარდაცვლილი რომ იღიმოდა, გარდაცვლილი რომ საქმიანობდა, გარდაცვლილი რომ ჭამდა, გარდაცვლილი ისე, გარდაცვლილი ასე! ყოველ სურათზე მიდის ასპარეზი ვინ უფრო მეტად გულისამაჩუყებელ სიტყვებს დაწერს. მიდის გარდაცვლილის დათაგვა მოთქმითი სტატუსებისას, ის ხომ ნახავს მერე თავის გვერდზე. სადაც მისის სულია, იქ თუ ხმამაღლა ნათქვამი მიდის, fb-ის სტატუსის წაკითხვა რაღა პრობლემაა! ამასობაში სხვებიც ხომ ნახავენ და ყველას ეცოდინება როგორი შეძრწუნებულია დამთაგველი. მერე იქვე იწყება ერთმანეთის ნუგეშისცემა. თითქოს თვალნათლივ გიდგას სურათი, სარეზერვო ჭირისუფალთა სკამზე როგორ ზიან ხოლმე ფუმფულა ქალბატონები ოდნავ გვერდშექცევით, აქეთ გვერდში მჯდომის ხელი რომ უკავიათ ერთი ხელით, იქით გვერდში მჯდომის მუხლზე უდევთ მეორე ხელი და გარდაცვლილის სურათთან რომ აქვთ უწყვეტი თვალით კონტაქტი.

Image

კიდევ ბევრი მომენტია, რათქმაუნდა, რომელიც გარდაცვლილის ვეღარ ნახვით გამოწვეულ გულისწყვეტას ეგრევე ფსევდოღირებულებებისა და შოუს დამდგმელთა მიმართ  სიბრაზე აქარწყლებს, მაგრამ ამაზე ფიქრმა ძალიან დამთრგუნა უკვე. ყველაზე ცუდი ალბათ მაინც ისაა, რომ ამ ყველაფერს ყველა ამჩნევს, თუმცა არავინ აღიარებს.

Posted in დრამა | Tagged , , , , | Leave a comment