ჭირისუფლები in action

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჩემი ერთი ნაცნობი და რაღათქმაუნდა ატყდა მთელი ამბავი. ახალგაზრდა ბიჭი იყო და “ნაადრევი” იყო მისი სიკვდილი.

იმ მომენტიდან, როცა ეს ფაქტი გავიგე, ამ წუთამდე – ჩვენი ჭირისუფლობის ინსტიტუტის წარმატებით კურსდამთავრებულთა შემყურე, დავაგროვე რიგი გულისამრევი მომენტებისა:

1. ახლობლებისთვის გარდაცვალების ფაქტის დამალვა ერთგვარი „მოფრთხილების“ გამო.

Image

რით ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ როცა მშვიდად მიდიხარ სახლში და ერთერთ შენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს უცებ მზამზარეულ კუბოში აღმოაჩენ – შოკი ათმაგდება! ეს არის მოფრთხილება?!  თან ხვდები, რომ ყველამ იცოდა შენს გარდა! არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ზოგადად სიკვდილის წინ უსუსურობის განცდას ის ფაქტიც ერთვის თან, რომ ყველა დანარჩენიც ასევე უსუსურად აღგიქვავს?! და ვინ გამოდიხარ შენ? – ადამიანების და სამყაროს კანონზომიერების წინაშე ყველაზე უსუსურის წოდების მფლობელი, გილოცავთ!!! რაღა დაგრჩენია, უნდა გაამართლო ყველას იმედები! სასწრაფოდ უნდა ჩავარდე ისტერიკაში, წარიკვეთო ყველანაირი სასო, დააკმაყოფილო ამ ფაქტის შემსწრეთა ადრენალინის მოთხოვნილებისა და ნანატრი სულისშემძვრელი მომენტების დასწრების სურვილი და მისცე დანარჩენებს იმის საშუალება, რომ დააფასონ თავი (თუნდაც მხოლოდ რამდენჯერმე მათ ცხოვრებაში) იმით, რომ იზრუნონ ყველაზე უსუსურ ადამიანზე მსოფლიოში, დაფაცურდნენ, სასწრაფოდ მოასულიერონ, ისლუკუნონ და დადგან დრამა. საოცარი მოფრთხილებაა, ვერაფერს იტყვი!

2. გარდაცვლილის აყვანა თავად „სრულყოფილების“ მიღმა.

Image

ვისაც ბავშვობაში ყოლია მკაცრი მშობლები და შესაბამისად ბევრი უფიქრია, თუ როდის შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და სხვების მხრიდან მის უპირობო აღიარებას – პასუხი ნაპოვნია, მეგობრებო! თქვენ უნდა მოკვდეთ! მხოლოდ სიკვდილის მერე თქვენ ხდებით ყველა იმ დადებითი თვისების მატარებელი, რაც კი ოდესმე გქონიათ გაკვრით ან საერთოდაც არ გახასიათებდათ. თუ რამე კარგი გაგიკეთებიათ, მხოლოდ სიკვდილის მერე ასმაგდება. კაციშვილი აღარ ახსენებს თუ რაოდენ უპასუხისმგებლოდ იქცეოდით ან რამდენჯერ ატკინეთ გული სხვებს. თქვენ ხდებით კაცობრიობის ეტალონის ტიტულის უკონკურენტო მფლობელი! და ეხლაც კი, კუბოში მდებარე, ისეთი სათნო ხართ, რომ თითქოს იღიმით!!!

3. გარდაცვლილის ახლობლებისა და მეგობრების „კოლექტიურად ცნობიერი“ გოდება.

უკიდეგანოა ჩვენს მოთქმა-გოდებაში კრეატიული მიდგომების ნუსხა. მას მერე, რაც გავიგე მიცვალებულის მოძრავი სურათის ამბავი, რომელიც რაღაც მოწყობილობაზე იყო დამაგრებული და „ეგებებოდა“ მის პანაშვიდზე მომსვლელთ, მეგონა, რომ სპეციალურად „ტირილის“ უბადლო სპეციალისტის მოწვევა იყო ზღვარი, მაგრამ თურმე არც ისეთი შორსმჭვრეტელი აღმოვჩნდი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოთქმა-გოდებაც და-upgrade-და. ეხლა უკვე მოდაშია facebook გლოვა. თუ ისე მოხდა, რომ გარდაცვლილთან რამდენიმე მეგობარი გაკავშირებდა, ხო საერთოდ დაღუპულხარ! აჭრელებულია მთელი გვერდი! გარდაცვლილი რომ იღიმოდა, გარდაცვლილი რომ საქმიანობდა, გარდაცვლილი რომ ჭამდა, გარდაცვლილი ისე, გარდაცვლილი ასე! ყოველ სურათზე მიდის ასპარეზი ვინ უფრო მეტად გულისამაჩუყებელ სიტყვებს დაწერს. მიდის გარდაცვლილის დათაგვა მოთქმითი სტატუსებისას, ის ხომ ნახავს მერე თავის გვერდზე. სადაც მისის სულია, იქ თუ ხმამაღლა ნათქვამი მიდის, fb-ის სტატუსის წაკითხვა რაღა პრობლემაა! ამასობაში სხვებიც ხომ ნახავენ და ყველას ეცოდინება როგორი შეძრწუნებულია დამთაგველი. მერე იქვე იწყება ერთმანეთის ნუგეშისცემა. თითქოს თვალნათლივ გიდგას სურათი, სარეზერვო ჭირისუფალთა სკამზე როგორ ზიან ხოლმე ფუმფულა ქალბატონები ოდნავ გვერდშექცევით, აქეთ გვერდში მჯდომის ხელი რომ უკავიათ ერთი ხელით, იქით გვერდში მჯდომის მუხლზე უდევთ მეორე ხელი და გარდაცვლილის სურათთან რომ აქვთ უწყვეტი თვალით კონტაქტი.

Image

კიდევ ბევრი მომენტია, რათქმაუნდა, რომელიც გარდაცვლილის ვეღარ ნახვით გამოწვეულ გულისწყვეტას ეგრევე ფსევდოღირებულებებისა და შოუს დამდგმელთა მიმართ  სიბრაზე აქარწყლებს, მაგრამ ამაზე ფიქრმა ძალიან დამთრგუნა უკვე. ყველაზე ცუდი ალბათ მაინც ისაა, რომ ამ ყველაფერს ყველა ამჩნევს, თუმცა არავინ აღიარებს.

Advertisements

About alterya

alterya.wordpress.com
This entry was posted in დრამა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

ეხლა დავფიქრდი, რომ...

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s