პირველი 13 ფიქრი

1. ეხლა ბიძინას უნდა შევყუროთ ხოლმე ახალი წლის დადგომისას? OMG!

2. აუ მიშამ საერთოდ გაუბერა! რეებს ლაპარაკობს, ფაქტიურად დედა გე…ნებათ და ვერ გაგიგიათო, ასე ოპტიმისტურად განგვაწყობს პირველ წუთებში.

3. რა ბედნიერებაა, რომ საცივი არ დევს სუფრაზე. ჩვენი კულტურის დამახასიათებელი უკიდურესობების გადამკიდე, რათქმაუნდა ვეღარ ვიტან საცივს.

4. მშვენიერი თავის გასამართლებელი არგუმენტია, რომ ქსელებია გადატვირთული 11:45-დან 00:45-მდე. მერე ყველას შეგიძლია უთხრა, რომ როგორ გინდოდა დარეკვა და ვერ უკავშირდებოდი. თუმცა უკვე იმდენად გავიზარდე, რომ აღარც არავის ვეუბნები ასე. მე რომ მეუბნებიან მხოლოდ იმაზე მეღიმება.

5. რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე ახალი წლის პირველ ღამეს – სექსი შენს პარტნიორთან. მაგრამ აქაც დინების საწინააღმდეგო წიაღსვლები მიტევს. ესეც ხომ ბანალურია, შევაჭახუნეთ ჭიქები, ტუჩები და მოდი ბარემ სხვა რაღაცეებიც! მაგრამ ბანალური არ ვიყოთქო და სიამოვნება მოვიკლო – ალბათ ყველაზე იდიოტური ფიქრი იქნება.

6. უკვე ბოლო რამდენიმე წელია ვიზიარებ იმ აზრს, რომ ახალი წელი არის საბავშვო ბაღი. უკვე არც ემოცია მაქვს და აღარც ენერგია. არაფერი არ ხდება სინამდვილეში. ეს ყველაფერი იმას მაგონებს, კომპიუტერის რესტარტი რომ აღნიშნო ხოლმე ადამიანმა შამპანიურის ჭიქით. ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ციკლი, ხოდა არის ეს 1 იანვარი. რა აჟიოტაჟის ასატეხია ეხლა ეს?

7. აუ ნაძვის ხეს რა დაშლის. მართალია მე არ ამიწყვია, მაგრამ დაშლა მაინც ვერ ამცდება.

8. უნდა ვმობილიზდე და ჩამოვაყალიბო მიზნები ამ წლისთვის, მერე ავწიო ტრაკი და მოვიმოქმედო რამე ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

9. ნეტა იმათ თავში ჩამახედა ამ ბომბებს და ფეიერვერკებს რომ ისვრიან ხოლმე უდგილოდ. რატო, რატო უნდა დაიწყო სროლა 9 საათზე? ან 3-ის ნახევარზე? ხო არის ეს 12 საათი, ამის დედა ვატირე, დაელოდე რა!

10. ამ დღეების განმავლოაში საჭმელზე ფიქრი არ მომიწევს, რა კარგია! მარაგი არის მინიმუმ 3 დღის. ამასობაში შობა წამოგვეწევა და ეგაა!

11. წავიდე კლუბში, არ წავიდე კლუბში….

12. ეს წყლის დაწყვეტა რაღა იყო!

13. დროა გამოვისწორო განწყობა პოზიტიურისკენ!

Advertisements
Posted in სურვილები | Tagged , , , , | 2 Comments

ჭირისუფლები in action

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ჩემი ერთი ნაცნობი და რაღათქმაუნდა ატყდა მთელი ამბავი. ახალგაზრდა ბიჭი იყო და “ნაადრევი” იყო მისი სიკვდილი.

იმ მომენტიდან, როცა ეს ფაქტი გავიგე, ამ წუთამდე – ჩვენი ჭირისუფლობის ინსტიტუტის წარმატებით კურსდამთავრებულთა შემყურე, დავაგროვე რიგი გულისამრევი მომენტებისა:

1. ახლობლებისთვის გარდაცვალების ფაქტის დამალვა ერთგვარი „მოფრთხილების“ გამო.

Image

რით ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ როცა მშვიდად მიდიხარ სახლში და ერთერთ შენთვის ძვირფას და საყვარელ ადამიანს უცებ მზამზარეულ კუბოში აღმოაჩენ – შოკი ათმაგდება! ეს არის მოფრთხილება?!  თან ხვდები, რომ ყველამ იცოდა შენს გარდა! არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ზოგადად სიკვდილის წინ უსუსურობის განცდას ის ფაქტიც ერთვის თან, რომ ყველა დანარჩენიც ასევე უსუსურად აღგიქვავს?! და ვინ გამოდიხარ შენ? – ადამიანების და სამყაროს კანონზომიერების წინაშე ყველაზე უსუსურის წოდების მფლობელი, გილოცავთ!!! რაღა დაგრჩენია, უნდა გაამართლო ყველას იმედები! სასწრაფოდ უნდა ჩავარდე ისტერიკაში, წარიკვეთო ყველანაირი სასო, დააკმაყოფილო ამ ფაქტის შემსწრეთა ადრენალინის მოთხოვნილებისა და ნანატრი სულისშემძვრელი მომენტების დასწრების სურვილი და მისცე დანარჩენებს იმის საშუალება, რომ დააფასონ თავი (თუნდაც მხოლოდ რამდენჯერმე მათ ცხოვრებაში) იმით, რომ იზრუნონ ყველაზე უსუსურ ადამიანზე მსოფლიოში, დაფაცურდნენ, სასწრაფოდ მოასულიერონ, ისლუკუნონ და დადგან დრამა. საოცარი მოფრთხილებაა, ვერაფერს იტყვი!

2. გარდაცვლილის აყვანა თავად „სრულყოფილების“ მიღმა.

Image

ვისაც ბავშვობაში ყოლია მკაცრი მშობლები და შესაბამისად ბევრი უფიქრია, თუ როდის შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სრულყოფილებას და სხვების მხრიდან მის უპირობო აღიარებას – პასუხი ნაპოვნია, მეგობრებო! თქვენ უნდა მოკვდეთ! მხოლოდ სიკვდილის მერე თქვენ ხდებით ყველა იმ დადებითი თვისების მატარებელი, რაც კი ოდესმე გქონიათ გაკვრით ან საერთოდაც არ გახასიათებდათ. თუ რამე კარგი გაგიკეთებიათ, მხოლოდ სიკვდილის მერე ასმაგდება. კაციშვილი აღარ ახსენებს თუ რაოდენ უპასუხისმგებლოდ იქცეოდით ან რამდენჯერ ატკინეთ გული სხვებს. თქვენ ხდებით კაცობრიობის ეტალონის ტიტულის უკონკურენტო მფლობელი! და ეხლაც კი, კუბოში მდებარე, ისეთი სათნო ხართ, რომ თითქოს იღიმით!!!

3. გარდაცვლილის ახლობლებისა და მეგობრების „კოლექტიურად ცნობიერი“ გოდება.

უკიდეგანოა ჩვენს მოთქმა-გოდებაში კრეატიული მიდგომების ნუსხა. მას მერე, რაც გავიგე მიცვალებულის მოძრავი სურათის ამბავი, რომელიც რაღაც მოწყობილობაზე იყო დამაგრებული და „ეგებებოდა“ მის პანაშვიდზე მომსვლელთ, მეგონა, რომ სპეციალურად „ტირილის“ უბადლო სპეციალისტის მოწვევა იყო ზღვარი, მაგრამ თურმე არც ისეთი შორსმჭვრეტელი აღმოვჩნდი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოთქმა-გოდებაც და-upgrade-და. ეხლა უკვე მოდაშია facebook გლოვა. თუ ისე მოხდა, რომ გარდაცვლილთან რამდენიმე მეგობარი გაკავშირებდა, ხო საერთოდ დაღუპულხარ! აჭრელებულია მთელი გვერდი! გარდაცვლილი რომ იღიმოდა, გარდაცვლილი რომ საქმიანობდა, გარდაცვლილი რომ ჭამდა, გარდაცვლილი ისე, გარდაცვლილი ასე! ყოველ სურათზე მიდის ასპარეზი ვინ უფრო მეტად გულისამაჩუყებელ სიტყვებს დაწერს. მიდის გარდაცვლილის დათაგვა მოთქმითი სტატუსებისას, ის ხომ ნახავს მერე თავის გვერდზე. სადაც მისის სულია, იქ თუ ხმამაღლა ნათქვამი მიდის, fb-ის სტატუსის წაკითხვა რაღა პრობლემაა! ამასობაში სხვებიც ხომ ნახავენ და ყველას ეცოდინება როგორი შეძრწუნებულია დამთაგველი. მერე იქვე იწყება ერთმანეთის ნუგეშისცემა. თითქოს თვალნათლივ გიდგას სურათი, სარეზერვო ჭირისუფალთა სკამზე როგორ ზიან ხოლმე ფუმფულა ქალბატონები ოდნავ გვერდშექცევით, აქეთ გვერდში მჯდომის ხელი რომ უკავიათ ერთი ხელით, იქით გვერდში მჯდომის მუხლზე უდევთ მეორე ხელი და გარდაცვლილის სურათთან რომ აქვთ უწყვეტი თვალით კონტაქტი.

Image

კიდევ ბევრი მომენტია, რათქმაუნდა, რომელიც გარდაცვლილის ვეღარ ნახვით გამოწვეულ გულისწყვეტას ეგრევე ფსევდოღირებულებებისა და შოუს დამდგმელთა მიმართ  სიბრაზე აქარწყლებს, მაგრამ ამაზე ფიქრმა ძალიან დამთრგუნა უკვე. ყველაზე ცუდი ალბათ მაინც ისაა, რომ ამ ყველაფერს ყველა ამჩნევს, თუმცა არავინ აღიარებს.

Posted in დრამა | Tagged , , , , | Leave a comment

დაჭერილი შეგრძნება

ყოველ ჯერზე, გახსენებისას სულ მეღიმება,

და ამ ღიმილთან მძიმე ღუზა მამძიმებს ხოლმე,

მე შენ ვერ გბედავ,

და ეხლაც, სუსხით დაჩაგრულ ჩემს ნაკვთებზე

მხოლოდ ტუჩების ერთი მხარე არის თავხედი,

მეორემ უმალ დააბალანსა, რას იფიქრებსო ხალხი ქუჩაში,

ნეტა რას ფიქრობ? ნეტა რას ხვდები?

გადავინაცვლე შიგნით,

ჩავიხვიე თითზე დასათვლელ კადრებზე,

ეს მაინც ხომ შემიძლია შეუმჩნევლად…

არ მეთმობი… და აქვე ვხვდები რა აბსურდია ამაზე ფიქრი,

ხომ უნდა ფლობდე, რომ მერე თმობდე.

მე კიდე მხოლოდ გეხები,

შეპარვით, თითქოს არაფერი, ვითომ-ვითომით,

და ყოველ ჯერზე, რომ არ გამომეპაროს არცერთი უჯრედი,

ვუსაფრდები ამ მომენტს, რომ ბოლომდე გიგრძნო,

თვალებსაც კი ვხუჭავ და ვაკონსერვებ ამ განცდას.

ამ ფიქრისას მინდა რომ უცებ გავჩერდე და გაგიხსენო,

მაგრამ

რას იტყვის ხალხი,

ნაბიჯს ვუმატებ,

მძლავრად ვათავისუფლებ ენის ზედაპირზე კაპუჩინოსგან დატოვებულ სავსე არომატს,

მდგრადი ყავის ბურუსში ვეხვევი და მყისიერად ისევ ყველაფერი

 ჩვეულს უბრუნდება.

და მერე კიდევ…

Posted in Uncategorized | Leave a comment

ინიციაცია ანუ სალამი

იმდენად წარმოუდგენელი გახდა ყველაფრის ერთ ცხოვრებაში ჩატევა, რომ გადავწყვიტე ამ ფორმით გამომეჟონა .

გუშინ დაბადების დღე მქონდა, ოღონდ ეს არ იცოდა არავინ. მომინდა, რომ საკუთარი თავისთვის მეჩუქებინა რამე. ცვლილება. მხოლოდ ჩემი თავისთვის. მოვიფიქრე, რომ ბლოგი გამეხსნა.

აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბლოგი თანამედროვე მეგობრობის დღიურია და მე ეს უკვე ზრდასრულობის შედეგად გადავლახე. თუმცა დრო იცვლება, იცვლება შეხედულებებიც, რომელსაც შესაბამისი ქცევები მოსდევს და აჰა! აგერ მეც გამოვჩნდი. 

ამ ბლოგის ძირითადი მიზანი ისაა, რომ რასაც ცხოვრებაში ვერ ან არ ვამბობ, ვგრძნობ მაგრამ სირცხვილია ან არ შეიძლება, ვერ ან არ ვაკეთებ ჩემივე უსაფრთხოებისთვის – აქ მაინც გამოვააშკარავო. 

ეს იქნება ის ადგილი ჩემთვის, სადაც ყველაფერი დაშვებული, ადამიანური და გასაგებია ზედმეტი თვითგვემის გარეშე.

ასე რომ, ამიტანეთ!

Posted in Uncategorized | 2 Comments